16-07-2020
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში მედია გარემო არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ერთ-ერთი თავისუფალი იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ველი, საკანონმდებლო სივრცე, ბარიერები და რეგულაციები პრაქტიკულად არ არსებობს, სრულად დელეგურილებულია,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ღია ეთერში განაცხადა.
კახა ბექაურის თქმით, დღეს საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით მხოლოდ 10 დღეში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეუძლია.
„დღეს მედიასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც სარედაქციო პოლიტიკასთან, ან შინაარსთან არის დაკავშირებული, არ არსებობს ბარიერი, რომელიც ტელევიზიის გახსნასთან ხელს შეუშლის. ალბათ ნებისმიერ მაყურებელს მარტივი რეგისტრაცია გაუვლია ვებ-გვერდზე, როცა მეილს ავსებთ, სახელს და გვარს უთითებთ და რამდენიმე წამში მოგდით მეილი, რომ დარეგისტრირებული ხართ - დაახლოებით ამ სიმარტივის პროცედურაა მაუწყებლობის ავტორიზაცია. ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა რომ მოინდომოს ხვალ ტელევიზიის გახსნა, კომუნიკაციების კომისიაში შემოიტანს განცხადებას და 10 დღის გადაში ის ავტორიზაციას გაივლის და მაუწყებლობას დაიწყებს. ეს არც-ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არაა. 100-ზე მეტი მაუწყებელი გვყავს დღეს საქართველიში, სრულიად პლულარისტურია მედია სივრცე გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია ისმის და რა თქმა უნდა ტყუილსაც იპოვის ჩვენი მაყურებელი, თუ ტყუილის პოვნა უნდა და სიმართლესაც, თუ სიმართლის პოვნა უნდა.“ - აცხადებს კახა ბექაური.