17-07-2020
ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასწავლო პროცესის განახლებაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება“, - განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე: ხომ არ მოიაზრება ონლაინ სწავლება მაღალი, ხოლო სასკოლო სწავლება დაბალი კლასებისთვის, გაბუნია ამბობს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ონლაინ საკლასო სწავლება, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.
„ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ კლასები, არის გარკვეული უნარ- ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ სწავლებით შესაძლებელი არ არის და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს ეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 010 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 885 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.