20-07-2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.