20-07-2020
„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. გარდა მაჟორიტარების წარდგენისა, ეს იყო საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება. დღეიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო კამპანიაზე გადავდივართ“, - განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დასახელდა. „ ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ 30-ვე მაჟორიტარობის კანდიდატის შერჩევას. კრიტერიუმები იყო ობიექტური: კავშირი მოსახლეობასთან, რეგიონში მათი ცნობადობა, მათი საარჩევნო რესურსი, პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება. ვფიქრობ, რომ თითოეულთან დაკავშირებით გავაკეთეთ ძალიან სწორი არჩევანი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ესეც გახდება წინაპირობა იმისა, რომ „ ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
„ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში პირველივე ტურში მოვიგოთ მაჟორიტარული არჩევნები. დღეს ამის ყველანაირი წინაპირობაა, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაზე. ჩვენ ჩვენი სათქმელი, მიზნები, ხედვები უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე, თითოეულ სოფლამდე, თითოეულ უბნამდე და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გამარჯვება თითოეულ ოლქში გარდაუვალი.“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.