22-07-2020
„COVID-19 პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა ძალიან დროული და ადეკვატურია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
მისი თქმით, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსები სამედიცინო სფეროში აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
„იაპონიის მთავრობამ საქართველოს გამოუყო 2.8 მლნ დოლარის გრანტი, რომელიც გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და მოხმარდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას, რისთვისაც კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს იაპონელ პარტნიორებს. მინდა შეგახსენოთ, რომ იაპონია წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს. ეს რიგით მერვე საგრანტო დახმარებაა. ჯამში, მხოლოდ გრანტის სახით იაპონიის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას, დაახლოებით, 40 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა. ის ფაქტი, რომ გლობალური კრიზისის პერიოდშიც, იაპონია ახერხებს და პოულობს რესურსს დაეხმაროს საქართველოს, რასაკვირველია, მეტყველებს იმ მაღალ რეპუტაციაზე, რომელიც საქართველომ დააგროვა წლების მანძილზე, ხოლო ამ პანდემიის პერიოდში, ეს რეპუტაცია ხარისხობრივად და თვისობრივად სხვა დონეზე ავიდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს იაპონელ მეგობრებსა და კოლეგებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.