22-07-2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„დღეის მდგომარეობით ჩვენ მოვახდინეთ 176 ოჯახის განსახლება, წლის ბოლომდე ვგეგმავთ კიდევ დამატებით 180 ოჯახის განსახლებას და ასევე, ჩვენ გვაქვს ისეთი ფართები და სახლები, რომელთა დაკანონებაც ესაჭიროებათ ეკომიგრანტ ოჯახებს. 140 ოჯახისთვის დამატებით ვფიქრობთ დავაკანონოთ ბინები და სახლები, რომლებშიც ისინი დღეს დღეობით ცხოვრობენ. გარდა ამისა, დღეს, ჩვენ ეკომიგრანტებს გავაცანით ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ დამატებით გააჩნიათ, ეს არის მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გურიის რეგიონში სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ მუშაობს, რომ ყველა ოჯახს, რომელსაც უდგას ან სამომავლოდ შეიძლება დაუდგეს რისკი, მოვახდინოთ ამ ოჯახების განსახლება უსაფრთხო გარემოში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„გურია ერთ-ერთი რთული რეგიონია მეწყერსაშიში ზონის თვალსაზრისით. ჩვენ სისტემატიურად ვხვდებით კომისიის წევრებს, მიმდინარეობს გეოლოგიური დასკვნის მომზადება და საჭირო დოკუმენტაციის ოპერატიულად გადაგზავნა სამინისტროში, რათა დროულად მოხდეს ეკომიგრანტებისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფა და სახლის შეძენა. ამჟამად მიმდინარეობს 60 ოჯახის შესწავლა, მათი მდგომარეობისა და დასკვნების მომზადება, დღეს, მინისტრთან ერთად, ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ვესტუმრეთ“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ.