22-07-2020
თამარ გაბუნიამ მოსახლეობას დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თუ საზოგადოება შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შესაძლოა ზომების გამკაცრება გახდეს საჭირო.
„თუ ეს წესები დაცული არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება, ისე როგორც ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა, იმისთვის რომ კონტროლი შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო“, - განმარტავს გაბუნია.
მისივე თქმით, ლოკალიზებული კარანტინის გამოცხადება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.