23-07-2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რომელსაც სრულად და უცვლელად გთავაზობთ.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა.
კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერა“ - მ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერა“ - ს დაევალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობაა დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერა“ - ს 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერა“ - მ დამატებით 2-ჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაგალითია ინდუსტრიაში. 20-წლიანი უშედეგო ძიების შედეგად, „ფრონტერა“ - მ 2017 წელს კვლავ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის დამატებით 5 წლით გაგრძელება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. სწორედ ეს გახდა კორპორაციისა და სააგენტოს მხრიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში საარბიტრაჟო დავის აღძვრის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე კორპორაციამ არაერთხელ მიმართა „ფრონტერა“ -ს, საკითხის მედიაციის გზით მოგვარების შეთავაზებით, რაზეც, სამწუხაროდ, კომპანიამ უარი განაცხადა.
მეტიც, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ფრონტერა“ - მ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებებში ბუნდოვანების შენარჩუნების მიზნით, უარი განაცხადა ქართული მხარის შეთავაზებაზე, გასაჯაროებულიყო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გააჩაღა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი რუტინული სამართლებრივი დავის საერთაშორისო განზომილების პოლიტიკურ კონფლიქტად წარმოჩინება იყო.
სამწუხაროდ, „ფრონტერა“ - ს მიერ წამოწყებულ კამპანიაში ძალაუნებურად ჩართული აღმოჩნდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წევრი - საქართველოს მეგობარი კონგრესმენები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების თაობაზე არსებითად მცდარ ინფორმაციას ისევ „ფრონტერა“ - ს მესვეურები და მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები აწვდიდნენ.
ვინაიდან, საერთაშორისო არბიტრაჟისგან „ფრონტერა“ - ს მიერ კონტრაქტის არსებითად დარღვევის ფაქტის დადასტურებამ შექმნა მასთან კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი, მიმდინარე წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ შეატყობინა „ფრონტერა“ - ს ამ განზრახულობის შესახებ. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერა“ -ს საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა.
მიუხედავად ამისა, სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, ქართულმა მხარემ „ფრონტერა“ - ს შესთავაზა, კონტრაქტის შეწყვეტის სამთვიანი პერიოდის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გახანგრძლივება, რათა დავის მოგვარების სივრცე საბოლოოდ არ დახურულიყო და გაგრძელებულიყო პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული ორმხრივი კომპრომისების ძიება, რაზედაც „ფრონტერა“ - მ ასევე უარი განაცხადა.
დღეს კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა“ - სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერა“ - მ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ:
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერა“ - სთან დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ რიგში, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
და ბოლოს: აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“ - ს საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.
ამგვარი მიდგომით ხაზს ვუსვამთ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა ,,ფრონტერასთან,, რისთვისაც ასევე სასურველია კომპანიამ გაასაჯაროვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.