23-07-2020
გიორგი შაქარაშვილის საქმის თაობაზე დღეს საგამოძიებო უწყებაში იუბილარს, ანი გაბეჩავას ელოდებიან. მან უნდა დაასახელოს გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ნაჩვენები მეგობრები.
პარალელურად, ანი გაბეჩავა გამოძიებისთვის საინტერესო გახდა სოციალურ ქსელში მიმოწერითაც, სადაც იქ ნაძალადეველ მეგობრებს ესაუბრება. "კურიერი" გთავაზობთ მიმოწერას, რომელიც შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია და სადაც იუბილარი ფოტოგრაფს, იაკობ ბრეგვაძეს ინციდენტის თაობაზე კითხვებს უსვამს.
იაკობ ბრეგვაძე: მე გვერდზე გავიქეცი, ღობეზე გადავხტი და შენობაში ვიყავი, მშენებარეში.
ანი გაბეჩავა: გალახეს თუ რა უქნეს შაქარას?
იაკობ ბრეგვაძე: ზუსტად ყველაფერი არ ვიცი, მე არავინ მომდევდა.
ანი გაბეჩავა: პოლიცია გამოიძახე? არ დაგინახავს შაქარა?
იაკობ ბრეგვაძე: ეგრევე გამოვიძახე და არ მოვიდა, არ დამინახავს. ხიდზე გარბოდა 3 ტიპი და 2 თუ 3 ტიპი მისდევდა, არ ვიცი სახელები და არც ის ვიცი, ვინ სად წავიდა, ნომრებიც ვერ გავარკვიე, რომ დამერეკა და მენახა.
ანი გაბეჩავა: ერთად ხო იყავით იმ მომენტში, სად გაქრა?
იაკობ ბრეგვაძე: არ ვიცი, გოგო. ყველა ერთ მხარეს გაიქცა, ეგ დავინახე მე.
ანი გაბეჩავა: რამდენი მანქანით იყვნენ?
იაკობ ბრეგვაძე: ერთი, თეთრი მერსედესი იყო, ორჯერ მოვიდნენ.
ანი გაბეჩავა: ათ წუთში მეორე მანქანაც მოსულაო და არ დაგინახავს? სხვები ამბობენ ორი მანქანით იყვნენ და გვცემესო.
იაკობ ბრეგვაძე: შეიძლება, ანუ, მერსედესი იყო ორივე მაშინ, ერთი თეთრი უეჭველი მახსოვს. თავიდან რომ გააჩერეს, შავი იყო, იმენა უეჭველი და მეორე მოსვლაზე თეთრი. არ ვიყურებოდი, რომ გამეხედა, დამინახავდნენ.
"კურიერი" გთავაზობთ ანი გაბეჩავასა და არასრულწლოვანის, ნ.ხ-ს მიმოწერასაც. არასრულწლოვანი ნ.ხ. დაკავებული არ არის. ის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა და ამ დღეების განმავლობაში გამოკითხვაზე დადიოდა.
მიმოწერაში გაბეჩავა და ნ.ხ. საქმის ახალ ფიგურანტს, ვინმე ჩქარეულს ახსენებენ. ირკვევა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ვახტანგ ჩიქოვანი, ასევე ჩქარეული.
ანი გაბეჩავა: ჩიქოვანი რატომ იყო ჩემ დაბადების დღეზე, ვინმემ ამიხსნას.
ნ.ხ: არ ვიცი.
ანი გაბეჩავა: ვინ დაპატიჟა?
ნ.ხ: და მომიკვდეს თუ ვიცოდე ვინ მოიყვანა.
ანი გაბეჩავა: ეს ზ.ხ ვაბშე ნანახიც არ მყოლია არასდროს, შენგან გავიგე სახელი, რა უნდოდათ. იმ საბა გოგშელიძეს რა უნდოდა კიბეზე, რო იჩხუბეს, რა მოხდა? იმ რაგბისტებს იცნობ? ჩიქოვანს მაგარი დარხეული აქვს, მაგან მოიყვანა, მაგის მანქანა იყო.
ნ.ხ: კაი რა, მასეც არაა, ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი. არაფრის გამო რომ თავს გაგიტეხავენ ქვით, მგონი ლოგიკურია რომ ამოხვალ ისევ, უბრალოდ, ცუდ დროს ამოვიდნენ და იმ უდანაშაულო ბიჭებთან არ უნდა მისულიყვნენ.
ანი გაბეჩავა: ნეტა ჩვენი ბიჭები გადარჩებოდნენ.
ნ.ხ: ხო, მე მართლა არ მგონია რომ ვინმეს მოეკლა ან წყალში დაეხრჩო, არც ერთი არაა მაგის გამკეთებელი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.