23-07-2020
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანი გაბეჩავა სამართალდამცავ უწყებაში ვიდეომასალის დასათვალიერებლად მივიდა. მისი ადვოკატის განცხადებით, რა ტიპის ვიდეომასალაზეა საუბარი, ინფორმაცია არ აქვს. ადვოკატმა მიმოწერასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ანი გაბეჩავამ პოლიციას ჩვენება 19 ივნისის დილასვე მისცა.
"დაბარებულები ვართ ვიდეომასალის დასათვალიერებლად, დანარჩენი ჩვენთვის უცნობია. რომელი ვიდეოებია, არ ვიცით, ავალთ და გავარკვევთ. ამ მიმოწერებზე ახლა ვერ გიპასუხებთ. თავის ძალებით არკვევდა, თქვენ თვითონ ნახეთ, გასაჯაროებულია მისი ჩვენება, მაგრამ როდის უნდა შეეტყობინებინა ან როგორ, როცა 19 ივნისსვე დილით ანის დაურეკა პოლიციამ მცხეთის დეპარტამენტიდან და დაიბარეს,"- აცხადებს ანი გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.