გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უპასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი ოპონენტები უარყოფითად აფასებენ გამოძიებას მაშინ, როცა ის ჯერ არ დასრულებულა

25-07-2020

„სისტემას მუდმივი განვითარება სჭირდება. ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. პროკურატურა მიჩვეული იყო (2012 წლის მდგომარეობას ვგულისხმობ), რომ გამოძიება არ სჭირდებოდათ“, - განაცხადა ტვ “რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გამოძიების ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ არ აძლევენ ჩვენებას კონკრეტული პირები.

„ადრე შეეძლოთ ძალიან მარტივად ეწამებინათ ადამიანი, შეიძლება სხვა არაჰუმანური მეთოდი გამოეყენებინათ. უფრო მარტივი იყო, რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდებით მუშაობა. დღეს კი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით წარიმართება გამოძიება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ასეთი ტიპის საქმეს სჭირდება გამოძიება და დრო. „მით უმეტეს, როცა არასრულწლოვნებს ეხება საქმე, იქ კიდევ უფრო მეტი სირთულეა გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო რთული მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული გამოძიების პროცესში. მაგრამ ამას თავისი დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ, გამოძიება დასრულდება იმ შედეგით, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ანუ გაიხსნება დანაშაული. იმ დღიდან, რაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, წამოვიდა სპეკულაციები. საერთაშორისო სტანდარტით 2 თვის განმავლობაშიც კი საქმის გახსნა ითვლება, რომ არის ძალიან წარმატებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციაა საჭირო როგორც საზოგადოებასთან, ასევე ოჯახებთან, განსაკუთრებით დაზარალებულ ოჯახებთან, რომ არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს გამოძიების პროცესში. „გამოძიება გრძელდება. გამოძიებას უნდა ჰქონდეს მშვიდი და სათანადო მუშაობის საშუალება. არ შეიძლება ეს მიმდინარეობდეს ისტერიკის ფონზე. თქვენ ხედავთ, რომ ზოგიერთი ტელევიზიები ცდილობენ ისტერიკული გარემოს შექმნას გამოძიების გარშემო, რაც ბუნებრივია, არ წაადგება გამოძიებას. თუმცა ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მობილიზებული თითოეული სამართალდამცავი ორგანო იმისათვის, რომ შედეგი დადგეს. ათასგვარი სპეკულაცია იყო. იყო კონკრეტულ პირებზე და გარემოებებზე მითითება, მაგრამ ვერავითარი ინტერესი ვერ გამოკვეთეს იმისა, რომ ვიღაცამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინოს კონკრეტული დანაშაულების დასადგენად ან კონკრეტული გარემოებების გამოსავლენად. ამის არანაირი ინტერესი არ ჩანს და არის წარუმატებელი მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევები თუ სისხლის სამართლის საქმეები“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს დადებითად ან უარყოფითად რაიმეს შეფასება არის არასწორი.

„პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა რომ დადებითად შეაფასოს საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა, ერთი თვის თავზე, მით უმეტეს, რამდენიმე დღის თავზე, როცა არც დანაშაული გახსნილა ჯერ და თანდათანობით მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ეს იქნება უპასუხიმსგებლო პოლიტიკური განცხადება. ჯერ უნდა გაიხსნას დანაშაული, ნათელი მოეფინოს ყველა დეტალს. მას შემდეგ , რაც დასრულდება ეს ყველაფერი, შეგვიძლია გავაკეთოთ განცხადება და დადებითად ან უარყოფითად შევაფასოთ კონკრეტული გამოძიების მიმდინარეობა. უპასუხისმგებლობაა, როცა ჩვენი ოპონენტები უარყოფითად აფასებენ გამოძიებას, ჯერ დღეები არ არის გასული, კვირები არ არის გასული. ჩვენ ისეთი უპასუხისმგებლობით არ გამოვირჩევით, როგორითაც გამოირჩევიან ჩვენი ოპონენტები“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930