27-07-2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, საზღვარზე გადაადგილება, მათ შორის სამუშაო მიზნებით, კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით ხდებოდეს.
საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმების პროცესის მიმდინარეობა. გასულ კვირას თბილისის მასშტაბით შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი, მათ შორის - „ლილოს“, „ელიავას“, „დეზერტირების“, „ნავთლუღის“, „დიდუბის“, „გლდანის“ ბაზრობები, ასევე - ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები. მონიტორინგი ხორციელდება ერთობლივი ინტეგრირებული ჯგუფებით, რომლის შემადგენლობაში არიან შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებმა ბაზრობაზე დასაქმებულებს მითითებები მისცეს უსაფრთხოების ზომებთან და დაფიქსირებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, ასევე გამოყენებული იყო შესაბამისი სანქციები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
ამასთან, გრძელდება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი. გახსნის ნებართვის მოპოვების მიზნით რეგისტრირებული 118 აუზიდან, შემოწმება გაიარა 106-მა, ხოლო გახსნის ნებართვა 66-მა მიიღო. რაც შეეხება ფიტნესს, რეგისტრირებული 275 ობიექტიდან შემოწმდა - 263, თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ. სასტუმროების შემთხვევაში კი, მუშაობის განახლების ნებართვა 1322 განთავსების ობიექტზე გაიცა.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 პაციენტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება დინამიკა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებისას აღემატება; გარდა ამისა, ქვეყანაში აღინიშნება შემთხვევების ზრდა, კერძოდ, 20-დან 26 ივლისის ჩათვლით, ქვეყანაში საერთო ჯამში, კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, ზედმიწევნით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 922 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.