27-07-2020
„წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებს ინტენსიური კავშირი აქვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ყველა მექანიზმი მიმართულია, რომ უპირობოდ გათავისუფლდნენ გატაცებულები.
“ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მოგეხსენებათ 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება მის მდგომარეობას ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება არის ასევე დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ სულ იყო 6 ადამიანი ბოლო პერიოდში, 3 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია 3 სწორედ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის გახლავთ ზაზა გახელაძე. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მიმართულია იქეთ, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის”, - განაცხადა ლია გიგაურმა.