27-07-2020
პროკურატურამ, ვ.ტ.-ს მიმართ განზრახ ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კიდევ სამ პირს - ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულ საქმეზე, ასევე ი.ქ.-ს, ვ.ჯ.-ს და ო.კ.-ს ბრალი წარედგინათ 5 ივლისს, ხოლო გ.რ.-ს - 7 ივლისს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ., გ.რ., ი.ფ., ი.ა, და ზ.ო. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვ.ტ.-ს, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ასევე, ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ, ი.ფ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ ვ.ტ. თავდამსხმელებმა ი.ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს. იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ო.კ. 4 ივლისს, ხოლო გ.რ. 5 ივლისს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დაუსწრებლად ბრალდების წარდგენის შემდეგ, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.