30-07-2020
ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ რაც სამწუხაროა.
„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.
გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, სხვადასხვა სფეროებში - უსაფრთხოების ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. ახლა რაც შეეხება სუბიექტურ რეალობის მოდელირებას - სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება“ ან მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორც არაფერი არ ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელებიც ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება ეს თუ სხვა სახის ვალდებულებები და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას რისკი არ უნდა შეექმნას, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო პარტიისთვის და მთავრობისთვის არა - ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ. განსაკუთრებით რაღაც გამოგონილი შეკითხვებით. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და როდესაც მოკლევადიანი საარჩევნო კონიუნქტურული პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა იცოდეთ, რომ ამით ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა დავაზიანოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.