30-07-2020
ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს.
„მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით. ცოტა მშვიდად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.
„გადავდივართ შემდეგზე, რამდენიმე ადგილას არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ისე ღვარცოფულ ქანებს და იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს არის დღეს ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ ტურისტულად. მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და ეს ხალხი, იმიტომ, რომ 1 თვის განმავლობაში, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს მათაც, თითოეულ საოჯახო სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ, ასე რომ აქ იქნება სრული ყურადღება. შტაბი შექმნილია, მას ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე, ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია აქ რომ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.