7-08-2020
ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შტაბის მუშაობა იყო საკმაოდ ეფექტური და სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა.
„შტაბის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებთ 1 თვე დაგვჭირდებოდა გზების აღსადგენად. დღეს, მე რაც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ დაგვჭირდება კიდევ 3-4 დღე. აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ. როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა გუნდურმა ეფექტურმა მუშაობამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენ ცოტა უფრო ადრე მივეცით მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ნორმალურ წესზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის მონაცემებით, მე რაც ვნახე, დაახლოებით ალბათ 2 სოფელში 12 სახლი იქნება გასასახლებელი, ეს პროცესი დაწყებულია, დღეს დავალება მიეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დღეიდან ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზე იქნებიან ამ ადამიანებთან იქ რაიმე რისკი რომ არ შეიქმნას, ერთი ბზარი და სასწრაფო რეაგირება უნდა იყოს, თუ უკვე გასასახლებელია სასწრაფოდ ქირით გადაიყვანენ, პროცესი კონტროლზეა და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პირველ ეტაპს ალბათ კიდევ დასჭირდება 1 კვირა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.