22-08-2020
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში ე.წ. ვარდების რევოლუციის იმ ფრაგმენტს იხსენებს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო:
"კრწანისის რეზიდენციაში ინფორმაცია მოვიდა, რომ ხალხი რეზიდენციისკენ დაიძრაო. ამ დროს თქვეს ისიც, რომ ჟვანია და სააკაშვილი მოდიან მოლაპარაკებაზეო. ბურჯანაძე არ წამოიყვანეს, მაინც შიში ჰქონდათ, რომ მათ დავაპატიმრებდით. არადა, ვის ჰქონდა მაგათი დაპატიმრების თავი, ხელისუფლება მთლიანად დემორალიზებული იყო. შევარდნაძემ ჯერ მე გამომხედა, მერე იქ რამდენიმე კაცი იყო მობილიზებული და იმათ გახედა...
ავთო ჯორბენაძეს უთხრა, მე და შენ გავიდეთო. ესენი შეხვდნენ სააკაშვილსა და ჟვანიას, დაახლოებით საათ-ნახევარი იყვნენ ჩაკეტილები, იქიდან გამოდის შევარდნაძე და იძახის, წავედი სახლშიო.
მე შევედი დარბაზში, ბუხართან დგას ჟვანია, ვხედავ, მხრები უკანკალებს.
მოვკიდე ხელი, შემოვატრიალე, - ზურა, რა ხდება-მეთქი? ჟვანია ტიროდა... შევარდნაძემ ისეთი რაღაცები მითხრა, ცრემლები ვერ შევიკავეო"- იხსენებს უშიშროების ექს-მინისტრი.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით