26-12-2017
„ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი ბანკის გაჩენით, მომხმარებელს მეტი არჩევანი ექნება“-ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ ყოფილი ბანკირი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „ლიბერთი ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ შესაძლო გაერთიანებას.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ „ქართუ ბანკის“ შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია საფინანსო და საბანკო წრეებში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა გარიგებამ საბანკო სექტორზე და რას შეცვლის ის ბაზარზე?
ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ორი ბანკის გაერთიანება ბაზარზე დადებით პროცესებს გამოიწვევს. როგორც ყოფილი ბანკირი აღნიშნავს, ბაზარზე გაიზრდება კონკურენცია და კიდევ ერთი მსხვილი ბანკის გაჩენით მომხმარებელს მეტი არჩევანი ექნება.
ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ბაზარზე ორი მსხვილი ბანკია წარმოდგენილი, კარგი იქნება, თუ მესამე ალტერნატივაც გაჩნდება. მისი განცხადებით, სწორედ ეს ალტერნატივა გაუწევს ამ ორ ბანკს კონკურენციას.
„დღეს „ლიბერთი ბანკი“ და „ქართუ ბანკი“ სხვადასხვა სფეროებში არიან. მაგალითად, „ქართუ ბანკი“ არ გასცემს სამომხმარებლო სესხებს და რითეილზე არ მუშაობს. „ლიბერთი ბანკი“ - პირიქით, უმეტესად მცირე, მოკლევადიან სესხებზეა ორიენტირებული და ბიზნეს კრედიტები ნაკლებად არის განვითარებული. თუ ამ ორი ბანკის აქტივები ერთმანეთს შეერწყმება, იქნება შესაძლებლობა ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიას კონკურენცია გაუწიონ“-აცხადებს ჯანიაშვილი.
მისივე თქმით, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის და საბანკო სფეროსთვის ძალიან კარგი იქნება.
commersant.ge