გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ

12-04-2018

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, იზაბელ დინგიზიანს შეხვდნენ.


მხარეებმა განიხილეს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებს.


შეხვედრის ერთ-ერთი თემა პარლამენტის მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია იყო. აღინიშნა, რომ საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა.


ქართველმა პარლამენტარებმა სტუმარს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.


შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა: თამარ ხულორდავამ, მარიამ ჯაშმა, ირინა ფრუიძემ, გუგული მაღრაძემ, თინათინ ბოკუჩავამ, ადა მარშანიამ და გიორგი ტუღუშმა.


როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, შვედეთი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების თანასწორი მონაწილეობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია.


„ჩვენ ვისაუბრეთ გენდერულ საბჭოს დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხზე. შვედეთის ხელისუფლება საქართველოსაც აქტიურად ეხმარება ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, კვოტირების შესახებ კანონის მიღება ვერ შეძლო საქართველოს პარლამენტმა, მაგრამ ამ მიმართულებით გვაქვს გეგმები და ვაგრძელებთ მუშაობას. თანასწორობა ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან, წინსვლასთან და პროგრესთან პირდაპირ კავშირშია. ამის მაგალითები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის არის შვედეთიც.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვა საკითხებზეც. სტუმარს გავაცანით, თუ რა კეთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით საქართველოში, შევეხეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის საკითხს. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.


ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა იზაბელ დინგიზიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან დღეს გამართა.

დღესვე, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თბილისის საკრებულოს ეწვია, სადაც მას საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ უმასპინძლა.


დაგეგმილია იზაბელ დინგიზიანის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან.


საქართველოში ვიზიტის დროს, იზაბელ დინგიზიანი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდება. შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახეთში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და შვედეთის სამეფოს საელჩოს ინიციატივით განხორციელებულ პროექტებს გაეცნობა.

13 აპრილს შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, შემდეგ კი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს და წეროვანში სოციალურ საწარმოში დასაქმებულ ქალებს შეხვდება.


შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოში პარლამეტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით იმყოფება და მას მასპინძლობას საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო უწევს. იზაბელ დინგიზიანი საქართველოში ვიზიტს 14 აპრილს დაასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930