11-09-2020
მიმდინარე წლის 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2,648 ტონა თხილია ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო 1,599 ტონა თხილი.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (789 ტონა), იტალიაში(511 ტონა), ჩეხეთში (198 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (88 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), საბერძნეთში (30 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (202 ტონა), რუსეთი (109 ტონა), უკრაინა (61 ტონა), ბელარუსი (43 ტონა), ბრაზილია (38 ტონა), მექსიკა (25 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).
წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
"სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.
კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს"-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.