13-04-2018
ავიკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავის ბორტზე უბედური შემთხვევა მოხდა. რეისზე, რომელიც თბილისიდან სტამბულში მიემგზავრებოდა, მოულოდნელად 28 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილი სავარაუდოდ, გულის შეტევამ გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა „პეგასუსის“ ჟანგბადის ბალიშებიც გამოიყენეს, თუმცა ისინი მწყობრიდან იყო გამოსული.
„კვირა“ ავიაკომპანია „პეგასუსის“ თბილისის ოფისს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს. „ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს“ – აცხადებენ კომპანიაში.
„კვირა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. „პეგასუსის“ თვითმფრინავი უკვე ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის მიღებისთანავე აეროპორტის ექიმები, კერძოდ „ევექსის“ მედპერსონალი ბორტზე ავიდნენ, თუმცა, მათ ახალგარზდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმთა ბრიგადაც მივიდა. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „შეტყობინების მიღებიდან, ექიმთა ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 8 წუთში მივიდა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – განუცხადეს „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითკვლობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი სიკვიდილით გარდაიცვალა.