6-10-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ბ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს , 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.