12-10-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსაზრდელები დროებით განთავსდებიან.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმდა და დადებითი რეკომენდაცია გაიცა. საბავშვო ბაგა-ბაღები საჭირო ინვენტარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით სრულად არის აღჭურვილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თითოეული აღსაზრდელისათვის ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები შეიძინა.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესიის განახლებამდე, საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისა და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.