გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ნაცმოძრაობაზე: კიდევ ერთხელ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები რევანშისთვის ნებისმიერ მოქალაქეს გაწირავენ

17-10-2020

„გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ სატელიტურ სისტემას ადამიანი არ მიაჩნია ღირებულებად. რევანშისთვის ისინი გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარტვილში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მმართველი გუნდის მიერ ქვეყნის მართვაში მიღწეული წარმატებების, ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ მთლიანად მომავალზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ არჩევნებით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

„დემოკრატია, ძლიერი და ნამდვილი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს, რომ ბიზნესი, თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ოჯახის წევრები, უსაფრთხოება ქვეყანაში, ინვესტიციები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები იქნება უფრო მეტად დაცული და თქვენ გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებთ ქვეყნის მართვის პროცესში“,- მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის სახელით არჩილ თალაკვაძემ ვეტერანებს ვეტერანების დღე მიულოცა და სამშობლოს უანგარო და თავდადებული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის მათი შენატანი მომავალში, რათა ჩვენ არა ომით, არა დესტაბილიზაციით, არამედ მშვიდობით, თანმიმდევრული განვითარებით და შრომით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენს წინ არის დიდებული ისტორია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ასევე ჩვენს წინ არის მომავალი და ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ უკეთესი მომავალი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში გატარებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა გამოიწვია რევანშის მოსურნე ძალების უპრეცენდენტო გააქტიურება, საზოგადოებამ ყველა ასეთ ძალას პასუხი უკვე ორ არჩევნებზე გასცა.

აქვე, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თავდასხმად შეაფასა.

„ეს არჩევნები ასევე უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები გავიყვანოთ ბოლომდე პოლიტიკური სცენიდან და მათი ადგილი დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ეს იქნება ამ არჩევნებში ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა. გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ სატელიტურ სისტემას ადამიანი არ მიაჩნია ღირებულებად. რევანშისთვის ისინი გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი. როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დაუღალავი შრომით ექიმებმა შეძლეს კოვიდ 19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს ხალხმრავალ შეკრებას, სადაც ჩაჰყავს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ხალხი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებაზე და მოქალაქეებზე. ჩვენ მოგვიწევს შემდეგ დღეებში, რომ გავაორმაგოთ აჭარაში ჯანდაცვის რესურსები, უფრო მეტი ექიმის მობილიზაცია გავაკეთოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რჩებიან დღეს ოპოზიციაში. ეს ხალხი უნდა გავიყვანოთ პოლიტიკიდან და გზა უნდა მივცეთ ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ მზად ვართ სტაბილური, მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემისთვის, ამისთვის გადავდგით ნაბიჯები, ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები და თქვენ ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე შეცვალა საარჩევნო სისტემა და ახლა ჩვენ ვატარებთ არსებითად პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნებს. ასევე ხედავთ, რომ ეს ადამიანები გულზე მჯიღს იცემდნენ და ამბობდნენ, რომ მათ ძალიან უნდოდათ პროპორციული სისტემა და რა მოხდა მერე, როდესაც კენჭისყრები ჩატარდა პარლამენტში, ზუსტად ეს ხალხი, ეს ოპოზიცია, დილით რომელიც აღტკინებული გაიძახოდა, რომ ძალიან უჭერდნენ მხარს პროპორციულ სისტემას, კენჭისყრაზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებებს. ასეთი მოჩვენებითი ხალხია და მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ ხედავს. ჰგონიათ, რომ საზოგადოებას არ შეუძლია თეთრი შავისგან გაარჩიოს. ძალიან მწარედ ცდებიან და ამ ყველაფერს დაინახავენ ოქტომბრის არჩევნებშიც. ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ დემოკრატიის ახალ ეტაპზე, სადაც უფრო მშვიდი, უფრო გაწონასწორებული პოლიტიკა იქნება და მერწმუნეთ, რომ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია სწორედ ასეთი პოლიტიკური სისტემისთვის. მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, რომ არა თქვენი მოთმინება, თქვენი შრომა და გვერდით დგომა, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ საქმეების გაკეთებას, რომელიც გავაკეთეთ, ისიც კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, არაერთი ოჯახი ჯერ კიდევ პირისპირ რჩება გაჭირვებასთან, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ადამიანებსაც მივხედოთ, მათი პრობლემებიც მოვაგვაროთ, თუ გვექნება თქვენი მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო და საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930