7-11-2020
პარლამენტის ბოიკოტი საქართველოში დემოკრატიას ხელს არ შეუწყობს. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა, პიტერ სტანომ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და პარლამენტის ბოიკოტს აპირებენ. დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტი პოლიტიკური დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების მთავარ ფორუმს წარმოადგენს. პარლამენტის ბოიკოტი ქვეყანაში დემოკრატიას ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა.
პიტერ სტანოს თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და, ზოგადად, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა ასევე დაფიქსირდა რიგი ხარვეზი.
„ყველა შესაბამის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი დასაბუთებული პრეტენზიები და საჩივრები შეეტანა არსებული ინსტიტუციური და სამართლებრივი საშუალებებით. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ეს საჩივრები სამართლიანი, გამჭვირვალე და ზედმიწნევითი ფორმით, რათა უზრუნველყოს პროცესისადმი ნდობა. ეს მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების მეორე ტურის ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის, ასევე პარლამენტისთვის, რომელიც ქართველი ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს ასრულებს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით შემდგომ მოვლენებს. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად“, - დასძინა პიტერ სტანომ.