12-11-2020
არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა, 2021 წლის ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და დღეს, მისი აქტუალობა არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალია.
„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე, რომ არ იყოს თანხმობა, ვფიქრობ, მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, იმიტომ, რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს და მისი აქტუალობა დღეს, ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, ამ პანდემიისა და კრიზისის პირობებში. ნებისმიერ სხვა პერიოდში, თუ ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ირთვება ავტომატური მოდელი და იხარჯება წინა წლის მეთორმეტედი. ეს არ არის კარგი და სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში, ბიუჯეტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ბიუჯეტზე და მის სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის, ბევრი რამაა დამოკიდებული. პრაქტიკულად, ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ეს ეხება ბევრის არსებობასა და ყოფას. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ლეგიტიმაცია, როგორც ახლა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, ის დახმარება და მასტიმულირებელი ღონისძიბები, რომელსაც ვამზადებთ, დროულად იყოს დამტკიცებული. ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება არის ყველას ვალი. როდესაც ამბობენ და ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს, მათ შორის, ოპოზიციისგან - „ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ“ რაც ნორმალური და კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა არდანგრევა გადის იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მიიღოს ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.