14-11-2020
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც 53 მილიონს გადააჭარბა. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საქართველოში მოქმედ შეზღუდვებსა და იმ ნაბიჯებზე, რაც კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით იდგმება. ყურადღება გაამახვილეს ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზე.
საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 76 658 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 58 674 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 669 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2425 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3361 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5355 პირი.