18-11-2020
კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსჯელობისას აღინიშნა, რომ აუცილებელია, მაქსიმუმი გაკეთდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების კუთხით, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. კლინიცისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რესურსების მაქსიმალურად რაციონალური გამოყენებისა და კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სტაციონარში მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.
ამასთან, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.
გიორგი გახარიამ კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს კლინიკურ ჯგუფს პროცესის უკეთ მართვაში და ოპერატიულად გადაჭრას მათ წინაშე მდგარი საჭიროებები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ონლაინ-რეჟიმში მიიღო მონაწილეობა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. დისკუსიაში ასევე ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული.