24-11-2020
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს იმ რიცხვებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც დღეს, ვირუსის გავრცელების კუთხით არის საქართველოში.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა და მე აქ არ ვგულისხმობ არჩევნების დღეს, მე ვგულისხმობ, იმ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, აქციებს, რომლებიც არა მარტო არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით, ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის სახით იყვნენ პირბადის გამოყენებისკენ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს იმ რიცხვებში. სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.
პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს, საარჩევნო პროცესსაც, პოლიტიკურ პროცესსაც. აქედან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება, ან შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ელემენტარულად, ასეთი ტიპის აქციები გვქონდა ქუჩაში. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას და მეორეს მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც ასევე სჭირდება გარკვეული პერიოდი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.