26-11-2020
რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების ფასს აკონტროლებს და კრიტიკულ ციფრებზე საუბარი არ არის.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას. რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7- 0,8 პროცენტი, მეტი არა. ამიტომ, აქ არ არის კრიტიკულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვასრულებთ ჩვენ ამას. დღეს ჩვენ ბევრი შეზღუდვა გვავს, რომლის აღსრულების გაკონტროლების პრობლემაც გვაქვს. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ დღეს ყველა ორგანო, მათ შორის შსს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესები, როდესაც ორგანიზაციების და ბიზნესების მხრიდან ამ წესების არ დაცვაზე იქნება საუბარი. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ბევრად უფრო დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. ეს არ არის რთული შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება სესხების გადავადების საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები შედგა საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან.
„სესხების დასუბსიდირებაზე საუბარი არ არის. საუბარია სესხების გადავადებაზე. ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა ბანკებთან. ჩვენ როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან კომუნიკაციის საკმაოდ კარგი არხები გვაქვს. როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატს. ჩვენ ამ ყველაფერს ავამუშავებთ იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ სექტორებში ადამიანებს არანაირი პრობლემები არ ჰქონდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორ თვიანი გეგმით ქვეყანა უნდა დაბრუნდეს ისეთ პოზიციებზე, როგორზეც აგვისტოში იყო.
„ყველას გვახსოვს, რომ პირველი ტალღის პირობებში ორგანიზაციებიც და ადამიანებიც, ყველა ერთად ვაკონტროლებდით, ერთ სივრცეში რამდენი ადამიანი ვიყავით. გვერჩივნა ეზოში დავლოდებოდით რიგს. ეს ყველაფერი არის აღსადგენი. ვერავინ სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქვეყანამ, პანდემიის წინააღმდეგ, დისტანციაზე, პირბადეზე და მობილობის დავარდნაზე უკეთესი ხერხი და რეცეპტი ვერ მოიგონა. არავინ ამბობს, რომ ჩვენ ამ ორ თვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. რა თქმა უნდა, ვერა. ჩვენ ამ ორ თვიანი გეგმით პროპორციულად და შედარებით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ყველანი ერთად - როგორც სახელმწიფო, ასევე ჩვენი მოქალაქეები, ექიმები, პოლიტიკოსებიც მათ შორის, უნდა დავბრუნდეთ აგვისტოში, იმიტომ, რომ ეს ამ ქვეყნის მომავალია, ეს არის პოტენციალი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.