3-12-2020
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო 58,061.76 ლარით დააჯარიმა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა. შესაბამისად, „მთავარი არხი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა, 6 და 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დაკვეთით ფასიანი პოლიტიკური რეკლამები მაინც განათავსა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მთავარმა არხმა“ არასათანადო რეკლამები, განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გაავრცელა.
იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, „მთავარ არხს“ ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა" - აცხადებენ კომიასიაში.