8-12-2020
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება, კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული ელემენტების გაძლიერების შედეგები და შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR, რის შედეგადაც, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და მიმდინარე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებით ტესტის ჩატარება და ასეთი კლინიკები საქართველოს მასშტაბით 230-ზე მეტია.
რეგიონების მიხედვით მათი ნუსხის ნახვა მოქალაქეებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ - https://stopcov.ge/ka/klinikebi.
საბჭოს წევრებმა განიხილეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები. აღინიშნა, რომ ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი ყველა შესაბამისი სამუშაო, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით, აქტიურად გრძელდება. ამასთან, გარდა COVAX პლატფორმისა, სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.
საბჭომ ასევე იმსჯელა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კოვიდ-სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. ამასთან, კოვიდ-სასტუმროებს მართავენ შესაბამისი კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
საბჭომ განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 68 მილიონს გადააჭარბა. სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიან აღსრულებას და ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 106 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 599 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა 603 ობიექტზე; მათ შორის წერილობითი გაფრთხილება მიეცა 423 ობიექტს, ხოლო 180 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა. გარდა ამისა, განმეორებით გადამოწმდა 192 ობიექტი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. 1-7 დეკემბერს 3 228 ობიექტზე განხორციელებული განმეორებითი ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი სრულად გადასულნი იყვნენ ონლაინ-მომსახურებაზე, ან აკმაყოფილებდნენ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 169 649 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 141 392 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1576 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1186 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3759 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6829 პირი.