გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერებასა და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზებაზე იმსჯელა

8-12-2020

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერება და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზება იყო დღეს ის მთავარი საკითხები, რაზეც მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა.

ყურადღება გამახვილდა მთავრობის 2-თვიანი შეზღუდვების გეგმის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების პროგრამაზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რათა შენელდეს ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ამასთან, ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციის მნიშვნელობას, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრებზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კლინიკურ-სასტუმროებში, რომლებიც კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფებიან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მოგვარდა და შეფერხებები არ არის ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების კუთხით. აგრეთვე, ითქვა, რომ ამ ეტაპზე მეტად ეფექტურად იმართება ლოგისტიკური საკითხები, რაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შემდგარი მჭიდრო და აქტიური სამუშაო რეჟიმის, აგრეთვე, იმ შრომის შედეგია, რომელიც ვირუსის მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად განხორციელდა.

კლინიკების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველო, ამ ეტაპზე, ორგანიზებულობისა და ეფექტური მართვის თვალსაზრისით, წამყვან ევროპულ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მობილიზების მაღალ დონეს, რისთვისაც მედიკოსებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, იმართება ინფიცირების 27 ათასამდე აქტიური შემთხვევა. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930