10-12-2020
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის შედეგები, კლინიკურ სასტუმროებში არსებული რესურსები და შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღეების განმავლობაში დღე-ღამეში 20-21 ათასი ტესტი ტარდება, თუმცა პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ ინტენსიური ტესტირების მიუხედავად, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი არ გაზრდილა. ეპიდემიოლოგების შეფასებით, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ პოზიტიურობის მაჩვენებელი ქვეყანაში თითქმის 28%-მდე დავიდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებით ტესტის ჩატარება და ასეთი კლინიკები საქართველოს მასშტაბით 230-ზე მეტია. რეგიონების მიხედვით მათი ნუსხის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე - https://stopcov.ge/ka/klinikebi.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე გაანალიზდა სეზონური გრიპების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ვაქცინაციის პროცესი მაღალი რისკის ჯგუფებში. არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვირუსზე, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე მათი მგზავრების ჯანმრთელობას.
საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები, რომელიც როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით, აქტიურად გრძელდება. ამასთან, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.
საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კლინიკური სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. აღინიშნა, რომ ბევრ კლინიკურ სასტუმროს, მათ შორის, ისეთ დიდ სასტუმროებს, როგორებიცაა „ჰოლიდეი ინი“, „ივერია ინი“, „რამადა“ და ა.შ, მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს იქ გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
საბჭომ განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 69 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის უკანასკნელ 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 643 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში კოვიდ-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციებზე.
ხაზი გაესვა ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციას, რომელთა შეფასებით, შეზღუდვების მოხსნისას მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომების გამოყენება და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილება. აღინიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტსა და მათი აღსრულების ხარისხს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობას და ყველა რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას. ეპიდემიოლოგების შეფასებით, შეზღუდვების მოქმედების პირობებშიც კი, ვითარების სტაბილიზაციისა და ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პირბადის ტარებას და აუცილებელია, ეს მაჩვენებელი დღეს არსებული 65%-დან 90-95%-მდე გაიზარდოს.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 737 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, შემოწმდა 631 ობიექტი, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება გაიცა 408 ობიექტზე; დაჯარიმდა 2 ობიექტი - თბილისსა და ქუთაისში; საქმიანობა შეუჩერდა 43 ობიექტს; განმეორებით გადამოწმდა 178 ობიექტი; გარდა ამისა, 1-9 დეკემბერს 3 543 ობიექტზე განხორციელებული განმეორებითი ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი სრულად გადასულნი იყვნენ ონლაინ-მომსახურებაზე ან აკმაყოფილებდნენ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 178 953 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 148 332 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1657 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1019 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6918 პირი.