გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია: სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა

12-12-2020

არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაუწყებლების მიერ ეთერში უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, უფრო მეტიც, მათი განცხადებით გინებისა და უხამსობის რეგულირების შემთხვევაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთან ისინი საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ცალსახად აღვნიშნავთ, რომ 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით კომუნიკაციების კომისია მიზნად ისახავს, შეასრულოს კანონი და თავისი ვალდებულება, დაიცვას საზოგადოება უხამსობისა და გინების შემცველი გადაცემებისგან, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა - ამის შესახებ კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში, ვინაიდან ქვეყანაში ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკაა, სიტყვის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარია, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება უხამსობასა და გინებას მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან მაუწყებლების მიერ ეთერში გინებისა და უხამსობის შემცველი გადაცემები თესავს აგრესიას, აღვივებს სიძულვილს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, აღრმავებს ესკალაციას განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის, ლახავს ადამიანის ღირსებას და ზიანს აყენებს მათ.

უფრო მეტიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ფუნდამენტია, სახელმწიფო ვერ განვითარდება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე. ცხადია, რომ გამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს. თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც, მათ შორის ისეთ ლეგიტიმურ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი სწორედ მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებასთან გაავლო.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უხამსობა არის ისეთი ქმედება (მათ შორის განცხადება ან მოწოდება), რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ პირობებში, როდესაც უხამსობის გამოყენება არ არის კონტექსტით საჭირო და არანაირი ინფორმაციული ღირებულება არ გააჩნია, მისი გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის დამცირებას, სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის, თუ სხვა) დისკრიმინაციას ემსახურებოდეს. უხამსობის მიზანი ასევე შეიძლება იყოს განსხვავებული აზრის ადამიანებში შიშის დათესვა, ან მათ მიერ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან თავშეკავება, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ პირიქით ახშობს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს, იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და ახდენს საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისა თუ ინდივიდების სტიგმატიზაციას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ამ თვალსაზრისით უხამსობა წარმოადგენს არა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, არამედ მისი შეზღუდვის ინსტრუმენტს.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები, რათა არ დაირღვეს კანონი და ადამიანის ძირითადი უფლებები, კერძოდ, არ მოხდეს საზოგადოებაში აგრესიის, სიძულვილისა და დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია არასამთავრობოების ბრალდება, თითქოსდა კომუნიკაციების კომისია ითავსებს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციას და უხამსობის შემცველ გადაცემებზე რეაგირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მკაფიოდ არის გამიჯნული თვითრეგულირებისა და რეგულირების ფუნქციები. რეგულირების საჭიროება კი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც თვითრეგულირების ორგანოები არაეფექტურად მუშაობენ, რითაც აჩენენ ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, ან აზიანებენ მნიშვნელოვან კერძო და საჯარო ინტერესებს. უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაზე რეაგირება განეკუთვნება კომისიის მარეგულირებელ ფუნქციებს, სწორედ ისეთ შემთხვევებში როდესაც თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურია.

კომუნიკაციების კომისიის, როგორც მაუწყებლობის სფეროს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მანდატი გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონიდან. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას, განიხილოს მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხი და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლით დააკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იკრძალება მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ხსენებულ დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას 2009 წლამდე ზღუდავდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და 59 პრიმა მუხლი. აღნიშნული დებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო იმ ნაწილში, „რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ .(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები.)

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ნორმები ძალადაკარგულია მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის ნაწილში. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს პარლამენტს არ შემოუღია ანალოგიური შეზღუდვა მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსების საკითხის კომუნიკაციების კომისიაში განხილვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეისათვის ამგვარი საკანონმდებლო შეზღუდვა აღარ მოქმედებს და კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოს არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ - ვალდებულებაც კი აქვს, მოახდინოს რეაგირება უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ალოგიკური იქნებოდა, სტანდარტის მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევებზე გავრცელება და იმის მტკიცება, რომ საკითხის ჯერ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოში - კომისიაში და შემდგომ სასამართლოში განხილვა შეეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნებს.

ამასთან, კომისიას ასეთი უფლებამოსილება აქვს არა იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილებები გადის სასამართლო კონტროლს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. კომისიის 7 დეკემბრის განცხადებაში სასამართლო კონტროლზე მითითება იყო იმ კონტექსტში, რომ სასამართლო კონტროლის გათვალისწინებით კომისიაზეც თანაბრად ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ძირითადი უფლებების დამრღვევი უხამსობის ეთერში განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაში ასევე არასწორი კონტექსტით არის გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება, საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება არა მაუწყებლების მიერ ეთერში გადაცემულ პროგრამებს, არამედ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი მასალის განთავსებას. მაუწყებლობის ნაწილში გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. რაც შეეხება უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებაზე სამართლებრივ რეაგირებას იგი არა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების თაობაზე კანონმდებლობის შემოღებაა, არამედ - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის აღსრულება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით კომისიის ექსკლუზიური კომპეტენციაა" - აცხადებენ კომისიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930