12-12-2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ საღამოს გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმის პარალელური დათვლის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, ხმის პარალელური დათვლა - ე.წ. PVT განიხილება როგორც ცესკოს მონაცემების კორექტულობის გადამოწმების მთავარი მექანიზმი. განსხვავებით გასული წლებისგან, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) მიერ ამა წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ PVT-ში პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკოს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. კერძოდ, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2,4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი.
ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა.
დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისათვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ.
ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, რასაც PVT-ზე აგებული მათი სპეკულაციების სიმცდარის მხილებაც ცხადყოფს. ჩვენ არავის მივცემთ კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. პირველ რიგში, სწორედ სიყალბეს უთხრა უარი ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს" - აცხადებს კობახიძე.