12-12-2020
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე, ხმის ჩამწერი სტუდიის - შპს ,,ინ და ჰაუსის“ სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა. ,,ინ და ჰაუსი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.
აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ,,ინ და ჰაუსის“ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე შპს ,,ინ და ჰაუსში“ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს.
ახალი გარემოებების გამოკვეთის მიზნით, საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.