15-12-2020
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები.
ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე და აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი. ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით.
პრეზენტაციის დროს ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან მიიმართა დამატებითი თანხები პანდემიის წინააღმდეგ - ესაა ჯანდაცვა, მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერა.
პანდემიაზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის ნაწილში გამოიყო დამატებით 420,0 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი. ბიზნესის მხარდაჭერაზე გამოიყო მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი. განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათები, რომლითაც სარგებლობს 33 ათასზე მეტი კომპანია, 425 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე;
საგადასახადო ადმინისტრირება - არის კიდევ ერთი თემა, რომელზეც ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება;
ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა შემოსავლების სამსახურის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მისი თქმით, პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას.
პრეზენტაციაზე ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა. მისი თქმით, 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დაბრუნებული გადასახადები თითქმის გაოთხმაგდა. როგორც მან აღნიშნა, 2020 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. შექმნილია სრულად ავტომატიზებული დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა, როდესაც მეწარმეს მოთხოვნის გარეშე უბრუნდება მისი კუთვნილი ზედმეტობა. ავტომატური დაბრუნების სისტემით, პირველივე თვეში ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი. ახალი სისტემა, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ასობით მილიონი ლარის ფინანსურ აქტივზე შეუფერხებელ წვდომას და მისი ეკონომიკური ეფექტით იგი უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოსავლების სამსახურში განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრაციების დიაგნოსტიკური შეფასება. შეფასების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია შეფასების 14 ინდიკატორი. საჯარო ფინანსების გამჭირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, საქართველო კვლავ იმყოფება სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.
საშუალოვადიან გამოწვევებად ფინანსთა მინისტრმა დაასახელა მთავრობის ვალის შემცირება, დეფიციტის შემცირება, კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა.