16-12-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
შედეგად, 201 ათასი ჰექტარი ფართობია მელიორირებული. უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გასამმაგდა, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით, სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც.
„2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, სამინისტროს არ შეუჩერებია არცერთი პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება და განხორციელება, მათ შორის, ეს ეხებოდა მელიორაციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც.
რაც მეტი გვექნება წყალუზრუნველყოფილი ფართობი, მით მეტი იქნება ზრდა სოფლის მეურნეობაში, წარმატება და შედეგი.
2012 წელს გვქონდა თითქმის განადგურებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. ჩვენ 141 ათას ჰექტარ წყალუზრუნველყოფილ ფართობზე ავედით. 2020 წელს დამატებით 11 ათასი ჰექტარის გასარწყავიანება მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა მელიორაციის კომპანია მუშაობდა ინტენსიურად“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
2020 წელს საქართველოს მელიორაციამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 36 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გაიწმინდა/მოწესრიგდა 97 კმ საირიგაციო და 76 კმ სადრენაჟე არხი, აშენდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 995 კმ არხი და შეკეთდა 3 495 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
მიმდინარე წელს სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც 2-3 ათეული წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.