17-12-2020
ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ კონკრეტულ კომპანია „ლუკა-2005“-თან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს კვების კომპანიამ ჯერ კიდევ ნოემბერში მოითხოვა შესყიდვების სააგენტოსგან ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა. ასევე, მოთხოვნილ იქნა კომპანიის შავ სიაში განთავსება, რომელზეც თავდაცვის სამინისტრო ელოდება შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, უწყების მიერ განხორციელებული მკაცრი რეაგირებების შემდეგ, ექსპერტების მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე მყოფი კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადება არის მცდარი, ნაჩქარევი და არაპროფესიონალური შეფასება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო არის უკომპრომისო, რაც გამოიხატება უწყების მიერ გატარებულ არა ერთ ქმედებაში. ყველა კომპანიასთან, რომლებიც წარსულში თავდაცვის უწყებას უხარისხო პროდუქტით ამარაგებდნენ, ჯერ კიდევ გასული წლიდან შეწყვეტილია ხელშეკრულებები. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, იგი ხორციელდება, მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მოწოდებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის სტანდარტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ამ მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის და სურსათის მაღალ ხარისხს და ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. ასევე, გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმები.
ცალკეული მიკერძოებული ტელევიზიებისა და პირების მიერ აღნიშნული ეფექტური ღონისძიების წარმოჩენა, როგორც რაიმე სისუტე ჯარის საკვებით უზრუნველყოფის კუთხით, არის სინამდვილეში გამართული სისტემისა და მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან ერთად, თავდაცვის ძალებში კვებითი უზრუნველყოფა არასოდეს არ ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების ყველა კომპონენტი: საკვების რაოდენობა, ხარისხი და მომზადების დონე. 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჯარი კვების ახალ სტანდარტზეა გადასული, რაც საკვების რაოდენობის და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს. გამრავალფეროვნდა მენიუ. ქართული ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად სრულად მარაგდება ქართული,
გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ასევე, თავდაცვის ძალებში განხორციელდა შეფმზარეულების გადამზადება ცნობილი მზარეულების მიერ. პარტიული ტელევიზიების მხრიდან პერიოდულად მომდინარე დეზინფორმაციული შეტევები მიზნად ისახავს სწორედ ამ რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილებების დაკნინებასა და დისკრედიტაციას" - ნათქვამია განცხადებაში.