19-12-2020
მიმდინარეობს აქტიური დისკუსია, რათა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრისა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.
„მას შემდეგ, რაც რეალურად გამოიკვეთა ვაქცინაციის დაწყების პერსპექტივა, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ განისაზღვროს კანდიდატი ვაქცინები, მათი ქვეყანაში შემოტანის გზები, ასევე სამიზნე ჯგუფები. დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რომელშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველი, ექსპერტები. მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ამ საკითხზე, რათა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე მიმღებლობის თვალსაზრისით, უსაფრთხო, ხარისხიანი. კიდევ ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს და ესენია ევროპის ქვეყნები და აშშ, საიდანაც შემდეგ ჩვენ უკვე ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ან ალტერნატიული გზებით, რაზედაც დღეს ასევე აქტიურად მიდის მსჯელობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.