21-12-2020
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროგრამის მიმართულებით მეტი ყურადღების გამახვილების წინადადებით მიმართა.
„სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ავტომობილს ტექათვალიერებას აძლევენ, მაგრამ მანქანა გამოდის გაუმართავი, რომელიც აბინძურებს გარემოს. პარლამენტში შემოსულია კანონი, სადაც წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვება, რომ ვიზუალური აღთქმის შემთხვევაში გააჩეროს და დააჯარიმოს ავტომობილის მფლობელი, მაგრამ მანამდე უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ხარვეზი გვაქვს. კონკრეტული ჯგუფები არიან, რომლებიც ამა თუ იმ მოწყობილობებს აქირავებენ, რათა ავტოტრანსპორტის საშუალებამ გაიაროს ტექდათვალიერება ზუსტად იმ ერთი საათით და შემდეგ უკან უბრუნებენ პატრონს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ - სამინისტრო და პარლამენტი ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა რჩება და გთხოვდით, რომ ამ მიმართულებას მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.