21-12-2020
„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ოპონენტები, ამ შემთხვევაში, ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი კონსენსუსის მიმართ მიუღებლობაა.
„ქართულმა ოცნებამ“, ასევე, მედიატორებმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცდა არ დააკლეს, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში. მიუხედავად ამისა, არ არსებობდა კონსტრუქციულობის ნიშან-წყალი ოპოზიციის მხრიდან, იმ დროს, როდესაც არა მარტო მმართველი ძალა, არამედ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობა, მოუწოდებს ოპოზიციას შევიდეს პარლამენტში, ასევე ერთხმად, პრაქტიკულად ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღიარებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ეჭვქვეშ არ დგას პარლამენტის ლეგიტიმაცია, ოპოზიციას არ მოსწონს შედეგები და მათი მხრიდან არის მხოლოდ ობსტრუქცია და მიუღებლობა ყოველგვარი კონსენსუსის. ამ დროს რა არის რეპრესია? „არ შემოვდივარ პარლამენტში, მაგრამ ფული მომეცი“ და თუ ფულს არ მაძლევ, ეს რეპრესიაა?“ - აღნიშნა მან.