22-12-2020
„ალბათ უფრო მეტი საზრუნავი გვაქვს იმაზე, რომ ამ პანდემიის პერიოდში სხვა მიმართულებები უფრო მეტი გამოწვევა არ გახდეს. ვგულისხმობ არაგადამდებ დაავადებებს და ნაწილობრივ იმ საკითხს, რაც ჩემმა კოლეგებმა უკვე აღნიშნეს - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
დავით სერგეენკომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა.
„ჩემთვის ცნობილია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვაში. მიუხედავად ინტეგრირებული პროგრამისა, დაახლოებით, რა ბიუჯეტი იხარჯება ამაზე და თუ მოიაზრება მომავალში მონიტორინგი, თუ რა თვისობრივი სტრუქტურა აქვს, ანუ, რა მედიკამენტებზეა მოთხოვნა, რა მედიკამენტებზეა დეფიციტი, რადგანაც სწორად დაგეგმარება სხვადასხვა ჯგუფის დაავადებების ძალიან მოგვეხმარება ერთობლივ სწორად დაგეგმვაში. და ამასთან კავშირშია - ჯიბიდან გადასახადები. ჯიბიდან გადასახადების დომინანტი, 70%-ზე მეტი, სამწუხაროდ, არის ისევ და ისევ აფთიაქებში დატოვებული თანხა. ამიტომ მე იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტთან ერთად, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ახალ კანონზე, ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ რაღაც სისტემური ნაბიჯები გადაიდგას, რადგანაც არაგადამდები დაავადებები და მათი მართვა არის კატასტროფული ფინანსური ტვირთი ჩვენს მოსახლეობაზე და ძალიან რთული იქნება რაიმე სისტემის გამართვაზე საუბარი, როდესაც ადამიანებს უბრალოდ არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ექიმის მიერ გამოწერილი წამალი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.