22-12-2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების მიერ შემუშავებული ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება არსებული გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. „საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიზნით თავსებადობის გაზრდა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საერთაშორისო წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რომელიც მორგებული იქნება ამოცანით მართვის მოთხოვნებთან. მისი განმარტებით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება. ღარიბაშვილმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესზე, საარტილერიო კომპონენტის განვითარებასა და, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ჯარის აღჭურვაზე ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო (ე.წ. კამიკაძე) საფრენი აპარატების შეძენა.
სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი, თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება. 2021 წელს, ასევე, დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2018 წელს წარმატებით განხორციელდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და 2021 წელს მეორე ფაზა დასრულდება. ებრაელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლება და მოდერნიზაცია მოხდება. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვა. მომავალ წელს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენაც.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება. მისივე განმარტებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება მომდევნო წლებშიც პრიორიტეტული იქნება.
სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა 2020 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის, სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების, ასევე სამხედრო განათლების სისტემის სრულყოფის საკითხები. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროების სახელფასო, კვებითი და სამედიცინო პირობების გაუმჯობესების, საბინაო და განათლების შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის კუთხით. მან დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებზეც ისაუბრა. დასკვნით ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და გეგმების იმპლემენტაციის შედეგად, ჯარის ბრძოლისუნარიანობა და თავდაცვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.