23-12-2020
ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს.
„საქართველო არის უკვე COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი წინასწარ გადახდილი გვაქვს. დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს და დაიწყებს პირველ რიგში, რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ვაქცინა როგორც კი გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა, რისკები შევამციროთ. პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები - ხანდაზმულები და იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა. ამიტომ, ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.