გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანია პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან

23-12-2020

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟის და ბულინგის ქვეშ მოქმედი პოლიტიკური პარტიები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბოტაჟი ბოიკოტისგან განსხვავებით, თავისი არსით ანტისისტემური მოვლენაა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის და ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის - პარლამენტის წინააღმდეგაა მიმართული. „შესაბამისად, ქმედებას, რომელიც მიმართული არის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, სჭირდება შესაბამისი პასუხი კანონმდებლობის მხრიდან. სწორედ ეს პასუხია ასახული იმ პაკეტში, რომელიც არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტის საბოტაჟი ხორციელდება აქ შეიძლება ორი ალტერნატიული პასუხი იყოს მოაზრებული. „ასეთ დროს პარტიამ შეიძლება აღიაროს არჩევნების გაყალბება, რაც ბუნებაში არ მომხადარა. ეს იქნებოდა პირველი თეორიული პასუხი ასეთ საბოტაჟზე. რაც შეეხება გაყალბებას, პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ არა ელრთხელ, შევთავაზეთ არჩევნების შედეგების გადამოწმება სხვადასხვა ფორმით მათ შორის, შევთავაზეთ 1500-მდე საარჩევნო უბნის გადათვლა, რაზეც მივიღეთ უარი პირველ რიგში, იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც თვითონ იყვნენ წარმოდგენლი საარჩევნო უბნებში კომისიის წევრების სახით. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რეალურად, არაფერი გაყალბებულა საარჩევნო უბნებზე ანუ გათათვლაზე მივიღეთ უარი. ასევე კამერების ჩანაწერების ნახვა, რაც არის უტყუარი დასტური იმისა რომ „კარუსელები“ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა, ამაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი, იმავე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ასევე, შევთავაზეთ, სატელევიზიო დებატები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, ყველა საკითხთან დაკავშირებით შევთავაზეთ დებატები, მათ შორის, სატელევიზიო დებატები თუმცა, ამაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი. ამას აქვს მარტივი მიზეზი. რეალურად ოპოზიციას არ აქვს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე ტიპის სისტემურ თუნდაც, არა სისტემურ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი ამ საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ერთადერთი რაც რჩება ეს არის ოპოზიციის აღქმები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც გამყარებულია პოლიტიკოსების ციტატებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მათ აიღეს მინიმუმ 35%, მათი ლიდერის შესაბამისი განცხადება შეგიძლიათ იხილოთ. „პატრიოტთა ალიანსის“ აღქმა არის, რომ მათ მიიღეს მინიმუმ 23%. ესეც არის მათი ლიდერების ციტატა. „ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც იღებს 7%-ზე მეტს, ამ არჩევნებზე შალვა ნათელაშვილს და მის ლეიბორისტულ პარტიას აქვთ მინიმუმ 7% აღებული. „ლელო“ ამტკიცებს, რომ მათ ორჯერ მეტი აქვთ აღებული ვიდრე ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა, ანუ გამოდის 6%. იგივეს ამბობს გიორგი ვაშაძეც, ანუ მასაც აქვს აღებული3-ის მაგივრად 6%. ევროპული საქართველო ციფრებს არ ასახელებს ცოტა მეტი გამჭრიახობა გამოავლინეს ამ კუთხით თუმცა, თუ ისინი საუბრობენ იმას, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, 4-ის მაგივრად მინიმუმ 5% უნდა ჰქონდეთ აღებული. ბურჯანაძე ამტკიცებს რომ 1%-ის მაგივრად აღებული აქვს მინიმუმ 5%. „გირჩი“ ამბობს რომ მათთვის არაფერი წაურთმევიათ უბრალოდ ჩვენ მივითვისეთ. დავტოვოთ 3% და მოქალაქეებიც დაახლოებით იგივეს ამბობენ დავტოვეთ აქაც 1%. სხვა პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც აქვთ აღებული ნახევარი პროცენტი, ბევრი მათგანი ამტკიცებს იმას, რომ მათ გადალახული აქვთ საარჩევნო ბარიერი. აქაც ავიღოთ 6-ის მაგივრად 9%. ამ ყველაფრის ჯამი არის 100%. ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ამ არჩვენებში აღებული აქვთ 100% და გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ თამარ ჟვანიას ან ცესკოს ვირტუალურ აღქმაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ამ არასერიოზულ მტკიცებას, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვაღიაროთ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ არჩევნების გაყალბება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სერიოზულები, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გავცეთ სათანადო პასუხი იმ პოლიტიკურ საბოტაჟს, რომელიც ხორციელდება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, საბოტაჟს უნდა დაუპირისპირდეს ერთადერთი რამ, ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის სამართლებრივი მექანიზმები და ზუსტად, ეს სამართლებრივი მექანიზმები არის ასახული წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დამატებითი არგუმენტების სახით უნდა აღინიშნოს ის, რომ პარტია, რომელიც არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, არ უნდა სარგებლობდეს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელიც არის ასახული კანონპროექტების პაკეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოგიკას აღიარებს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ მწვავედ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ თუ არ აღიარებ შენ არჩევნების შედეგებს, მაშინ არც დაფინანსება უნდა მოითხოვო. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების მოთხოვნა არის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენ გვაქვს მოსაზრებების თანხვედრა ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, ამ ლოგიკას ისინი იზიარებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930