გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, ჩვენი ევროპული მომავლისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ

24-12-2020

მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია, ვინაიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომას არ ესწრებიან და ეს რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის.

„გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930