24-12-2020
„პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს და ამ ნდობის გამოცხადებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ იმ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადის ნაწილი ვართ და პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ ევროკავშირის წევრობის განაცხადს გავაკეთებთ. ეს უბრალოდ განაცხადი არ არის. ეს გულისხმობს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში უფრო მეტ კეთილდღეობას, გულისხმობს სოფლად მცხოვრები ადამიანების მეტ კეთილდღეობას და როცა ამას ვამბობ, მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც იქ ცხოვრობს და რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა - მიწის რეფორმა, სისტემური რეგისტრაცია და გეგმა გვაქვს რომ მილიონ 200 მეტი ჰექტრის მიწის სისტემური რეგისტრაცია მოხდეს“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ. მისივე თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების გამო პარლამენტში ოპონირება მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში მიმდინარეობს, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს აქვთ ვალდებულება გაცილებით კრიტიკულები იყვნენ.
„ამ კრიტიკის ნაწილში აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით და სამინისტროს ჩართულობით დაიწყო სათანადოდ არ მიმდინარეობს. 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც მხოლოდ დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა და მთავრობას სამი დადგენილება უნდა მიგეღოთ ვგულისხმობ, მიწის ბალანსის აღრიცხვის წესს, კატეგორიების ცვლილებას, კატეგორიების ცვლილებისთანავე ანაზღაურების წესს - არც ერთი არ არის შესრულებული, რაც აპრიორი გულისხმობს, რომ უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრირება არის საჭირო, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მონაწილე ყველა მხარესთან კონსულტაციების დროს, აღმოჩნდა, რომ ვერც ერთ რეფორმას ვერ გავაგრძელებთ თუ ჩვენ არ გვექნება მიწის ფონდი და მისი კატეგორიზაცია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება და რა პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება თუნდაც, პარლამენტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წინაშე იმისთვის, რომ აღნიშნული რეფორმა სათანადოდ განხორციელდეს. ნინო წილოსანის შეფასებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამებს დიდი ეფექტი ჰქონდა. „ექსპორტის ნაწილი არის გაორმაგებული. ათვისებული გვაქვს ევროპის ბაზრები თუმცა, ქვეყნის შიგნით ეს პროგრამები არ ფარავს ყველა სეგმენტს. მაგ. ქალი ფერმერებისთვის არ არის ეს პროგრამები კომფორტული და ხელმისაწვდომი. იგივე ტექნიკის პროგრამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ რიგი რეგიონები და სოფლები დარჩა აღნიშნული ტექნიკის გარეშე ამიტომ ეფექტიანობას აუცილებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.